მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფაკულტეტის შესახებ

ფაკულტეტის შესახებ

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაკულტეტია, რომელიც სასწავლო პროგრამებს სწავლების 4 საფეხურზე ახორციელებს (პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა). აქ სწავლა საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც:

  • უყვარს ლიტერატურა, ხელოვნება, თეატრი და მუსიკა,
  • სურს, გაერკვეს თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ პროცესებში,
  • სურს, გაეცნოს უცხო ქვეყნების ისტორიას, ენასა და ტრადიციებს,
  • სურს მომავალში მასწავლებლობა და ახალი თაობის აღზრდაში მონაწილეობა,
  • ან ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რა იზიდავს ყველაზე მეტად, და ფართო განათლების მიღება ურჩევნია.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამების მიზანია, სტუდენტს მისცეს, ერთი მხრივ, ფართო განათლება, გამოუმუშაოს ინტერდისციპლინური ხედვა, შესწავლის, გაცნობიერების, გააზრებული დასკვნების გამოტანისა და ცოდნის სწრაფად განახლების უნარი, მეორე მხრივ კი, მისცეს ღრმა ცოდნა სტუდენტის მიერ არჩეულ რომელიმე კონკრეტულ სფეროში. ამიტომ სწავლება აქ ლიბერალური განათლების პრინციპებზე დაყრდნობით ხორციელდება, რაც სტუდენტის დამოუკიდებელი არჩევანის თავისუფლებას გულისხმობს და მომავალი პროფესიის გააზრებული არჩევისა და, შესაბამისად, წარმატების მიღწევის საფუძველია.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი მაქსიმალურად უზრუნველყოფს სტუდენტისათვის აკადემიური თავისუფლებას და არჩევითობის პრინციპის დაცვას. საბაკალავრო საფეხურის პირველი და მეორე სემესტრების განმავლობაში სტუდენტი გაივლის ზოგად საგნებს, როგორიცაა თანამედროვე აზროვნების შესავალი და სხვადასხვა დისციპლინების შესავალი კურსები. ასევე, სტუდენტები შეისწავლიან სტატისტიკას, დაეუფლებიან ინგლისურ ენას და აკადემიური მუშაობის ტექნიკებს.  ზოგადი საგნების გავლის შემდეგ სტუდენტს შეუძლია, აირჩიოს ერთი ან ორი დარგი (ძირითადი და მეორადი სპეციალობები), რომელიც მისთვის უფრო საინტერესოა და მომდევნო 6 სემესტრის განმავლობაში შესაბამისი მიმართულებით გაიღრმავოს ცოდნა და მიიღოს ბაკალავრის ხარისხი.

ფაკულტეტი სთავაზობს სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამების ძალიან ფართო სპექტრს: ევროპისმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ფილოსოფია, გამოყენებითი ფსიქოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნების ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ლიტერატურა, გერმანული ენა და ლიტერატურა, რომანული ფილოლოგია (ფრანგული / ესპანური / იტალიური), რუსული ენა და ლიტერატურა, აღმოსავლური ენა და ლიტერატურა (ებრაული / თურქული / სპარსული/) გამოყენებითი ხელოვნება, მსახიობის ოსტატობა, ხელოვნების დარგების დიდაქტიკა (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა), უცხო ენების მასწავლებელი, დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია.

მრავალფეროვნებით გამოირჩევა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის როგორც სამაგისტრო, ასევე სადოქტორო პროგრამები.

სამაგისტრო მიმართულებით ფაკულტეტი ახორციელებს ისეთ პროგრამებს როგორიცაა: პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები, ევროპისმცოდნეობა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია (სოციალური, კლინიკური, განათლების) განათლების ადმინისტრირება (ზოგადი და უმაღლესი), მასწავლებლის მომზადების პროგრამები, სპეციალური განათლება, ფსიქიკური ჯანმრთელობა, გამოყენებით უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები, უცხო ენათა ფილოლოგია, გამოყენებითი ენათმეცნიერება, ფილოსოფია, არქეოლოგია, შუა საუკუნეების კვლევები, სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი, მედია, ჟურნალისტიკა და კომუნიკაცია, სოციალური სამუშაო, ადიქციის კვლევები.

სადოქტორო საფეხურზე ფაკულტეტი აკადემიური საქმიანობით და ახალი სამეცნიერო აღმოჩენების გამოკვლევით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს შესაძლებლობას მოიპოვონ დოქტორის აკადემიური ხარისხი არქეოლოგიის, კულტურის კვლევების, ხელოვნებათმცოდნეობის, პოლიტიკის მეცნიერების, სოციოლოგიის, სოციალური სამუშაოს, სამუსიკო ხელოვნების, ფსიქოლოგიის, ფილოლოგიის, ისტორიის, განათლების და ფილოსოფიის მიმართულებით.

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამები სტუდენტს აძლევს შრომით ბაზარზე კვალიფიციური სამუშაო ადგილის მიღებისა და შემდგომი კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
 
საინფორმაციო ცენტრი
სოფიო გაბისონია, ცენტრის ხელმძღვანელი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი  N A206
☏ (+995 32) 229 47 12
✉ sopio_gabisonia@iliauni.edu.ge