ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი დაარსდა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ავსტრიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე 2000 წლის 2 მაისს დაფუძნებული „თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკის“ ბაზაზე.
„ავსტრიული ბიბლიოთეკები საზღვარგარეთ“ (http://www.oesterreich-bibliotheken.at) ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის პოლიტიკის სექციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და წარმატებული პროექტია, რომელიც 1986 წელს კრაკოვში (პოლონეთი) პირველი ავსტრიული ბიბლიოთეკის გახსნით დაიწყო. ავსტრიული ბიბლიოთეკების ქსელი ამჟამად 28 ქვეყნის 65 ბიბლიოთეკას მოიცავს. პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ავსტრიული ბიბლიოთეკების გახსნა, უპირველესად, იმ ქვეყნებსა და ქალაქებში, სადაც ავსტრიის რესპუბლიკას ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობა არა აქვს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ამ ინსტიტუციის მიზნებსა და ფუნქციას.
ავსტრიული კულტურის ცენტრის მიზანია ავსტრიული კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში, ასევე, ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა უპირველესად კულტურისა და განათლების სფეროებში.
2003 წელს ავსტრიის რესპუბლიკისა და ლიხტენშტაინის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმების საფუძველზე, ავსტრიულ ბიბლიოთეკებში, მათ შორის თბილისშიც, გაიხსნა ლიხტენშტაინის განყოფილება.
2013 წლის 20 დეკემბერს ავსტრიული კულტურის ცენტრს შეემატა შვეიცარული ლიტერატურის განყოფილება, რომელსაც კურირებს შვეიცარიის კულტურის სახელმწიფო ფონდი Pro Helvetia და შვეიცარიის საელჩო თბილისში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ავსტრიის რესპუბლიკისა და შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის შეთანხმების საფუძველზე.
ავსტრიის საგარეო და კულტურის სამინისტროებთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრი რეგულარულად იწვევს განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ავსტრიიდან; ატარებს საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს, გამოფენებსა და პრეზენტაციებს, საინფორმაციო და საკონსულტაციო შეხვედრებს და სხვა ღონისძიებებს.
ცენტრი 2011 წლიდან უწყვეტად სთავაზობს ილიაუნის სტუდენტებს ორ თითოსემესტრიან სასწავლო კურსს – „ავსტრია – ისტორია და კულტურა“ და „ავსტრია – პოლიტიკურ სამართლებრივი სისტემები“ – როგორც სავალდებულო-არჩევით საგანს და უზრუნველყოფს მათი აქტუალური მასალით შევსება-განახლებას. ძირითად სახელმძღვანელოდ გამოიყენება ცენტრის მთარგმნელობით სახელოსნოში თარგმნილი და ავსტრიული მხარის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული წიგნი „ავსტრია“ (ავტორი: იურგენ კოპენშტაინერი, მთარგმნელი: მზია გალდავაძე).
ვენის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ინსტიტუტთან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, კულტურის ცენტრში ყოველ წელს იგზავნება ვენის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, რომელიც თავისი სავალდებულო პრაქტიკის ფარგლებში ეხმარება ცენტრს პროექტების მომზადება-განხორციელებაში, ასევე, სთავაზობს ილიას უნივერსიტეტის გერმანისტიკის მიმართულების სტუდენტებს 3-4 არჩევით კურსს ავსტრიულ ლიტერატურასა და გერმანულ ენაში.
ავსტრიული კულტურის ცენტრის წიგნადი ფონდის ძირითადი ნაწილი შეტანილია უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის გაერთიანებულ კატალოგში, რაც ცენტრში დაცულ მასალაზე სწრაფი და ხარისხიანი წვდომის გარანტიას ქმნის. (http://library.iliauni.edu.ge/l)
ცენტრის შემადგენლობაშია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზი, საპრეზენტაციო დარბაზი, საინფორმაციო ბიურო და ვრცელი საგამოფენო სივრცე.
ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი აერთიანებს ავსტრიულ ბიბლიოთეკას, ÖSD-საერთაშორისო საგამოცდო ცენტრს და მთარგმნელობით სახელოსნოს.
თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკა 2000 წლის 2 მაისს გაიხსნა ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ავსტრიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე.
ბიბლიოთეკა შედის ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის შემადგენლობაში.
ავსტრიული ბიბლიოთეკის ძირითადი ფონდი მოიცავს დაახლოებით 7600 წიგნსა და 400-მდე აუდიო-ვიდეო ერთეულს, ასევე ავსტრიულ და ქართულ პერიოდულ გამოცემებს. ფონდში მცირე რაოდენობით არის ინგლისურენოვანი ლიტერატურაც ავსტრიული თემატიკით, ასევე, შვეიცარიისა და ლიხტენშტეინის გერმანულენოვანი წიგნები.
ავსტრიულ ბიბლიოთეკას 2013 წელს შეემატა ავსტრიული ლიტერატურის ქართული თარგმანების ფონდი, რომლის შევსება ილიაუნის ცენტრალური ბიბლიოთეკის აქტიური მხარდაჭერით ხდება.
ავსტრიული ბიბლიოთეკის გერმანულენოვანი ფონდის შევსება-განახლება მიმდინარეობს ყოველწლიურად ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
ავსტრიული ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მომსახურება უფასოა. ფონდით სარგებლობის წესი განსაზღვრულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სტანდარტის შესაბამისად (http://library.iliauni.edu.ge/standartebi/ ).
თბილისის ავსტრიული ბიბლიოთეკა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიბლიოთეკაა მსოფლიოში არსებულ 65 ავსტრიულ ბიბლიოთეკას შორის. ყოველწლიური საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ის მუდმივად ინარჩუნებს ადგილს რეიტინგული სიის პირველ ხუთეულში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2001 წლიდან ფუნქციონირებს გერმანული ენის საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 53 ქვეყანაში მოქმედ 393 ავსტრიულ საგამოცდო ცენტრს შორის. (http://www.osd.at/default.aspx?SIid=64&LAid=1)
თბილისის ÖSD-საგამოცდო ცენტრი ვენის ცენტრალურ ოფისთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ატარებს გამოცდებს ყველა ენობრივ საფეხურზე და გასცემს გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელ, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უვადო დიპლომებს.
ÖSD-გამოცდები სრულად პასუხობს „ენათა შესახებ რეკომენდაციების საერთო ევროპული ჩარჩოს/GER“ მოთხოვნებს და შესაბამისი დიპლომები აღიარებულია ყველა გერმანულენოვანი ქვეყნის მიერ, როგორც გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის წარდგენაც ითვალისწინებს ავსტრიის, გერმანიის, შვეიცარიისა და სამხრეთ ტიროლის (იტალია) საუნივერსიტეტო (http://www.osd.at/default.aspx?SIid=34&LAid=1) და სავიზო (http://www.tiflis.diplo.de/contentblob/1629070/Daten/4536932/DD_Merkblatt_Familienzusamenfhrung.pdf ) მოთხოვნებს ამ ქვეყნებში სწავლის გაგრძელების, სამუშაოდ ან ოჯახის შეერთების მიზნით წამსვლელთათვის.
ÖSD-საგამოცდო ცენტრი, თავისი სტატუსით (სერტიფიკატის აღიარებადობით), თანაბარია გერმანულ გოეთეს ინსტიტუტთან. წარმატებით ჩატარებული სალიცენზიო ტესტირების საფუძველზე და წლების განმავლობაში მოპოვებული მაღალი რეპუტაციის გათვალისწინებით, 2016 წელს ვენის ცენტრალურმა ოფისმა ÖSD-საგამოცდო ცენტრს გაუფორმა ხუთწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც ცენტრს უფლებას ანიჭებს, ჩაატაროს არამარტო ადგილობრივი, არამედ გასვლითი გამოცდები, საქართველოს სხვა სასწავლო დაწესებულებების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში. ამავე ხელშეკრულებაში შენარჩუნებულია საგადასახადო შეღავათები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის.
ილიაუნის ÖSD-საერთაშორისო საგამოცდო ცენტრი ემსახურება ყველა დაინტერესებულ პირს და სთავაზობს მათ არა მარტო დაბალ საგამოცდო ტარიფს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის დაწესებულია დამატებითი შეღავათები!), არამედ სწრაფ და მოქნილ სარეგისტრაციო და საინფორმაციო სერვისებს.
საგამოცდო ცენტრი ატარებს ინტენსიურ მოსამზადებელ კურსებს, თუმცა, მათი გავლა გამოცდაზე დაშვების წინაპირობას არ წარმოადგენს.
გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ, აპრილსა და ნოემბერში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრის მთარგმნელობითი სახელოსნო აერთიანებს ავსტრიული მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანით დაინტერესებულ ქართველ მთარგმნელებსა და სტუდენტებს.
ავსტრიული კულტურის ცენტრის ინიციატივით, უკვე ითარგმნა და გამოიცა ათზე მეტი წიგნი, მათ შორის ოთხი კრებული და ერთი მონოგრაფია.
მთარგმნელობითი სახელოსნო ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობს მხატვრული თარგმანის პრაქტიკულ სემინარებს. 2011 წელს ქართულად გამოიცა ადალბერტ შტიფტერის „მთის ბროლი“, რომელიც სემინარის ფარგლებში ითარგმნა სტუდენტების მონაწილეობით.
ცენტრი რეგულარულად იწვევს ქართველ მთარგმნელებს, აწყობს ახალი თარგმანების პრეზენტაციებს და საინფორმაციო შეხვედრებს.
სახელოსნოს მიერ მომზადებული რამდენიმე თარგმანი სხვადასხვა დროს დაჯილდოვდა ავსტრიის კულტურის სამინისტროს მთარგმნელობითი პრემიებით.
მისამართი: გიორგი წერეთლის ქ. 3
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, V სართ, S506-507 ოთახები (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობების განლაგება)
Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/oesterreich.bibliothek.tbilisi
ელფოსტა: mzevinar.chumburidze@iliauni.edu.ge,
mzia.galdavadze@iliauni.edu.ge
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00 საათი
შაბათი: 12:00-15:00 საათი
დამატებითი ინფორმაცია:
ცენტრის მუშაობას ავსტრიული მხრიდან კოორდინაციას უწევს:
მის.: Minoritenplatz 8, 1010 Wien
ტელ.: : +43-501150-4563 |
www.bmeia.gv.at | facebook.at/Aussenministerium | twitter.com
ვებგვერდი: www.oesterreich-bibliotheken.at
მის.: თბილისი, გრიბოედოვის ქ. 31
ტელ.: 2 43 44 00
ელფოსტა: tiflis-ob(at)bmeia.gv.at